სააერნაოსნო მომსახურების განხორციელების ხელშეწყობის ჯგუფის მერვე სამუშაო შეხვედრა
თბილისში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ინიციატივით, სააერნაოსნო მომსახურების განხორციელების ხელშეწყობის ჯგუფის (ANS Implementation Support Group – ISG) მერვე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
ღონისძიება მიზნად ისახავს ICAO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებში სააერნაოსნო მომსახურების გაძლიერების და ტექნიკური კოორდინაციის გაუმჯობესებას. მასში მონაწილეობას იღებენ ICAO-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, რეგიონალური საავიაციო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის ექსპერტები.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება, განხილვის მთავარი თემაა უკვე განხორციელებულ პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხო, ეფექტური და სტანდარტებზე დაფუძნებული სააერნაოსნო სისტემის დანერგვას და განვითარებას.
„შეხვედრის ძირითად თემას საერთაშორისო სააერნაოსნო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების კოორდინირებული დანერგვა და რეგიონალურ დონეზე მათი რეალიზაცია წარმოადგენს. სააერნაოსნო განვითარების გლობალური გეგმა ინფრასტრუქტურულ და პროცედურულ განვითარებას მოიცავს. რეგიონში საჭიროა ამ ინფრასტრუქტურული და პროცედურული განვითარების ჰარმონიზაცია, რათა ყველა ქვეყანა ერთნაირად იყოს მომზადებული საჰაერო მოძრაობის უზრუნველყოფისთვის და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვისთვის“,- აღნიშნა საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილმა.
შეხვედრის მიმდინარეობისას დისკუსიები ასევე შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, მონაცემთა გაზიარების მექანიზმებს და თანამშრომლობის გაძლიერებას რეგიონულ დონეზე. სამუშაო შეხვედრაში ჩართული მონაწილეები შეიმუშავებენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და შეთანხმდებიან მომავალ ეტაპებზე, რაც გააძლიერებს პარტნიორობას და ხელს შეუწყობს რეგიონში საავიაციო სისტემების განვითარებას.